კონფერენციის შესახებ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის სახელწოდებით — «საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში» მეორე ეროვნული კონფერენცია ჩაატარა. კონფერენცია ჩატარდა ბაზალეთში, 10-12 დეკემბერს. პირველი ეროვნული კონფერენციისაგან განსხვავებით, წლევანდელი კონფერენცია ორ ნაწილად არის გაყოფილი: აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო. ბაზალეთში აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კონფერენცია იყო. ღონისძიებას 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნების, დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინეს და საგნის სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე ისაუბრეს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შესული  განაცხადებიდან საუკეთესო მოხსენებები შეარჩიეს. კონფერენციას  თელავისა და ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ეროვნული კონფერენცია

კონფერენციის სახელწოდება: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“

კონფერენციის მიზანი: პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ — პრაქტიკული კვლევის უნარ- ჩვევების განვითარება. მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა და სხვა. კონფერენციის თემა ასევე შეიძლება მოიცავდეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივი პროგრამის შინაარსს.

კონფერენციის ეტაპები

პირველი ეტაპი: რეგიონული კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი სპეციალისტები განიხილავენ კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს რეგიონისა და საგნობრივი მიმართულების გათვალისწინებით. რეგიონული კონფერენცია ჩატარდება უნივერსიტეტების ბაზაზე და კვალიფიცირებული კომისია შეარჩევს ერთ საუკეთესო ნაშრომს ყოველ საგნობრივ მიმართულებაში, ეროვნულ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

მეორე ეტაპი: დასკვნითი ეროვნული კონფერენცია

 რეგიონულ კონფერენციებზე შერჩეული საუკეთესო ნაშრომები წარმოდგენილი იქნება ეროვნულ კონფერენციაზე.

თხოვნა

ძალიან გთხოვთ, დაეთანხმეთ მოთხოვნას და თავად ატვირთეთ თქვენი მასალა, რეზიუმე, შეუძლებელია სათითაოდ ყველას მასალის ჩემს დრაივში ატვირთვა და მერე გამოქვეყნება. მიხარია, რომ ათვალიერებთ, მაგრამ , გთხოვთ, აქტიურად გამოიყენოთ თქვენი ავტორობის უფლება და დამეხმაროთ ბლოგის დასრულებაში.

ძვირფასო კოლეგებო!

შეგპირდით და ვაკეთებ ბლოგს, ყველას გამოგიგზავნეთ ავტორობაზე დათანხმების თხოვნა. შეამოწმეთ თქვენი ფოსტა, ავტორობის მიღების შემდეგ, მოძებნეთ თქვენი გვერდი და გააკეთეთ სასურველი ჩანაწერი. შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ჩანაწერის დატოვება, რადაქტირება, მედიაფაილის დამატება, სხვის ჩანაწერებს ვერ დაარედაქტირებთ, ასევე შეგიძლიათ მთავარ გვერდზე პოსტის დაწერა. გისურვებთ წარმატებებს!